დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა.
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამართლოზე თქვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
ჩანაწერი, სადაც ახალაიას ეს სიტყვები ისმის, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა, ანა ნადარეიშვილმა გაავრცელა.
"მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ." - ამბობს ახალაია ჩანაწერში.





