აშშ-ჩინეთის კონკურენცია

აშშ-მ Alibaba, BYD, Baidu და სხვა ტექგიგანტები ჩინური სამხედრო კომპანიების სიაში შეიყვანა

Akos Stiller/Bloomberg

8 ივნისს აშშ-მ ონლაინ ვაჭრობის ჩინური კომპანია Alibaba, ჩინური საძიებო სისტემა Baidu და ჩინეთის ავტომწარმოებელი კომპანიები – BYD და NIO – ჩინური სამხედრო კომპანიების სიაში შეიყვანა, რაც მათ აშშ-ს თავდაცვის კონტრაქტთან შეთანხმებების დადების მხრივ ხელს შეუშლის. 

პენტაგონის მიერ განახლებული სია ახლა უკვე მოიცავს ისეთ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მფლობელობაში და ტრადიციულად არ ითვლებოდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში ჩართულ კომპანიებად. ამის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციამ განსაზღვრა, რომ ჩამოთვლილი სუბიექტები ჩინეთის არმიას დახმარებას უწევენ. 

ცნობისთვის, ჩინური სამხედრო კომპანიების სია 2021 წელს კონგრესის მანდატით შეიქმნა და მისი მიზანია იმ ჩინური კომპანიების იდენტიფიცირება, რომლებსაც, პენტაგონის აზრით, ჩინეთის არმიასთან აქვთ კავშირები. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ჩინეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების პირდაპირ კონტროლქვეშ ყოფნას, არამედ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში წვლილის შეტანასაც. 

თავის მხრივ, 9 ივნისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიას დისკრიმინაციული უწოდა და დაამატა, რომ ვაშინგტონი "უსაფუძვლოდ ზღუდავს" ჩინურ კომპანიებს, რასთან ერთადაც პეკინმა აშშ-ს "მცდარი პრაქტიკების გამოსწორებისკენ" მოუწოდა.

"ჩინეთი საჭირო ზომებს მიიღებს, რათა მტკიცედ დაიცვას ჩინური საწარმოების ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები." – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა. 

ცნობისთვის, გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი გამართა და პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდა, რის ფარგლებშიც ლიდერებმა სავაჭრო ომში ზავი შეინარჩუნეს. 

კომენტარები