რუსეთი-სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხური მედია სომხეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და საუკეთესო სურვილები გამოუცხადა, ხოლო ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ზარისა და მილოცვისთვის.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. სომხური მედია წერს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს დაბალანსებული პოზიციებისთვის, მეგობრული ტონისთვის, ასევე რიგ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილვებს უახლოეს ხელსაყრელი შესაძლებლობისას პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააგრძელებენ.

რუსული მხარე ასევე იუწყება, რომ ლიდერებმა ყაზახეთში გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ბოლო სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს.

ცნობისთვის, ასტანაში გამართულ სამიტზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანი სამიტს არ ესწრებოდა და ამის მიზეზად წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დატვირთულობა დაასახელა. შეხვედრის შედეგების მიხედვით, რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა სომხეთს მოუწოდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში რეფერენდუმი ჩაატაროს.

კომენტარები