ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ცნობით, საქმეში არ არსებობს არანაირი საიდუმლო დოკუმენტი, ნივთი ან ინფორმაცია, რომელიც ჩიხლაძემ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს გადასცა.
ადვოკატის თქმით, თუ ისინი კითხვებზე მიიღებენ დამაჯერებელ პასუხებს, მაშინ ირაკლი მზად არის, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"314-ე მუხლის შემადგენლობა რომ იყოს, რითაც ბრალი წარედგინა, ჯაშუშობა, ამისთვის საჭირო არის, რომ ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო საიდუმლო, რაიმე დოკუმენტი, საგანი ან ნივთი მოეპოვებინა და გადაეცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის. ეს ერთი. მეორე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეილახებოდა. ეს ორი კითხვა გვექნება ჩვენ. თუ ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს მივიღებთ, მაშინ ირაკლი მზად არის, მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ ამ კითხვებზე გუშინ პასუხები ვერ მივიღეთ. [...]
არ არსებობს არანაირი დანაშაულის შემადგენლობა. არ არსებობს არანაირი საიდუმლო დოკუმენტი, ნივთი ან ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ჩიხლაძემ მოიპოვა და გადასცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. საქმეში ასეთი რამე არ მოიპოვება." - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.
ჩიხლაძე ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორია.
ჩიხლაძის ძმა, გიგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების გაშუქების დროს ჩაცხრილეს.
სუს-ის მტკიცებით, დაკავებული პირი ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული კონტაქტებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, "სისტემურად ახორციელებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას".
ჩიხლაძეს 31 მაისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია.




