საქართველო-ამერიკის ურთიერთობა

მაკკეინი: საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება უნდა მიეწოდოს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები „განვითარების ახალ, უფრო მძლავრ დონეზე გადავიდა". ამის შესახებ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.

სენატორმა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის 30 იანვრის შეხვედრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. "ჩვენ ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილთან არაჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა, რომელმაც ჩვენი ურთიერთობების განუხრელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - აღნიშნა მან.

ამასთან, მაკკეინმა "საკმაოდ მნიშვნელოვანი" უწოდა იმ ფაქტს, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი დააყენეს.

"აშშ-ის კონგრესისა და სენატის მიერ მიღებული ბოლო აქტი თავდაცვის შესახებ გვაძლევს სამართლებრივ საფუძველს, საქართველო თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველვყოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები საუკეთესოა", - განაცხადა მაკკეინმა.

 

 

კომენტარები