ფაშინიანის მთავრობა

ფაშინიანი ლუკაშენკოს: სომხეთი აღარაა ქვეყანა, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ძარცვავდით

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
1luler.am

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს სომხეთი რუსეთ-ბელარუსის გარდა "არავის სჭირდება," პოლიტიკური შედეგის სახით მოჰყვება ის, რომ "სომხეთი ალტერნატივის გარეშე აღარასდროს დარჩება".

"ჩვენ ერთ გზაზე, ერთ მოკავშირეზე ან ერთ მილსადენზე დამოკიდებულები არ ვიქნებით. ჩვენ გვაქვს რკინიგზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მანამდე გაიხსნა რკინიგზა აზერბაიჯანის გავლითაც. მალე გაიხსნება TRIPP [ტრამპის მარშრუტი], ჩვენ ტერიტორიაზე გაივლის ბუნებრივი აირის მილსადენი და ამ ტრანზიტის წყალობით საკუთარი გაზი გვექნება. ამ ტრანზიტისთვის საფასურს გაზში გადაგვიხდიან. ჩვენ ალტერნატიულ ენერგიას განვავითარებთ. სანამ სომხეთი ევრაზესში იქნება და ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმებს გაატარებს, ამ გზას გავაგრძელებთ. როცა არჩევანის დრო დადგება, სომეხი ხალხი არჩევანს გააკეთებს. ჩემი დიდი მიღწევა ისაა, რომ ხალხს ალტერნატივა ჰქონდეს, რათა ვერავინ თქვას, 'ვის სჭირდება სომხეთი? სხვა სად წავლენ?'" – განაცხადა ფაშინიანმა 27 მაისს.

ცნობისთვის, 2024 წელს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Rossiya-სთან ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ სომხები "ჩვენ გარდა" არავის არ სჭირდება, რაშიც ის, როგორც ჩანს, რუსეთსა და ბელარუსს გულისხმობდა.

"ჩვენ გარდა სომხები ვის სჭირდება? არავის სჭირდება ისინი. განავითარონ მათ თავიანთი ეკონომიკა და ყურადღება დაუთმონ იმას, რაც გააჩნიათ. რის საფრანგეთი? რა მაკრონი? ხვალ მაკრონი აღარ იქნება და ყველა დაივიწყებს სომხეთს." – ამბობდა ლუკაშენკო.

2 წლის წინანდელ ინტერვიუში ლუკაშენკომ დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოების მხრივ ფაშინიანის მთავრობის საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა: "თქვენ ხედავთ ამ პოლიტიკას. ყურადღება არც კი მიმიქცევია, რადგან სომხეთზე ლაპარაკი არ მსურს. რანაირი პოლიტიკაა ეს?"

ლუკაშენკოს სიტყვების გახსენებისას ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა "იგივე პიროვნება ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებაზე საუბრობს და სომხეთისთვის ბორკილების დასადებად აგენტები გაააქტიურა, როგორც 2018-მდე ხდებოდა."

"სომხეთი აღარ არის ათასებისა და ათეულობით ათასების ქვეყანა, არამედ მილიარდებისა და ტრილიონების ქვეყანაა. ეს აღარ არის ქვეყანა, რომელსაც თქვენ და თქვენი პარტნიორები ძარცვავდით." – დაამატა სომხეთის პრემიერმა.

კომენტარები