უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა გავლენიანმა მეთაურმა გამოცემა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ექვსთვიანი ფანჯარა აქვს, რომლის ფარგლებშიც ბრძოლის ველზე ინიციატივის აღება და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საკუთარი პოზიციის გაძლიერება შეუძლია. მისივე თქმით, 2022 წლის შემდეგ ომში უკრაინისთვის "გარდამტეხი მომენტი" ახლოვდება.
ბრიგადის გენერალმა, ანდრიი ბილეცკიმ, რომელიც უკრაინის სახმელეთო ჯარების მესამე კორპუსის მეთაურია, Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთის არმია გადაღლილია და ვერ ახერხებს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას.
ბილეცკის თქმით, თუ უკრაინა რამდენიმე თვის განმავლობაში ინერციას მოუმატებს და და შეინარჩუნებს, ის ფრონტის ხაზის გასწვრივ ინიციატივას მოიპოვებს და რუსეთს აიძულებს, უარი თქვას დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული არ აქვს.
"მჯერა, რომ მომდევნო 6-9 თვე გარდამტეხი მომენტი იქნება," განაცხადა მან და დაამატა, რომ "მომდევნო ექვსი თვე ყველაზე გადამწყვეტი იქნება".
ცნობისთვის, აშშ-ს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც მას შემდეგ ჩიხში შევიდა, მხარეები ძირითადად დონბასის საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, ვინაიდან რუსეთი მთელი რეგიონის უბრძოლველად მიღებას ითხოვდა, ხოლო უკრაინა უარს ამბობდა იმ ტერიტორიიდან უკან დახევაზე, რომელიც რუს ოკუპანტებს დაპყრობილი არ ჰქონდათ.
"ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის მიმართულებები, სადაც პოზიციების გაუმჯობესება შეგვიძლია, უნდა ავიღოთ რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი და შემდეგ რუსებს რეალურად სტაბილური მშვიდობის შესახებ ძალის პოზიციიდან დაველაპარაკოთ და არა – სისუსტის." – განაცხადა ბილეცკიმ, რომელიც აზოვის ბატალიონის დამაარსებელია და ახლა ათეულობით ათას სამხედროს მეთაურობს, რომლებიც ფრონტის ხაზის თითქმის ერთ-მეათედზე მეტს იცავენ.
მისი თქმით, "სამხედრო თვალსაზრისით ეს რეალისტურია."
რუს ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ვითარება კიდევ უფრო გაურთულდათ, როცა ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა მათ Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ 2026-ში უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 600 კმ² გაათავისუფლა.




