ინფორმირებულმა წყაროებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ მხარი არ დაუჭირეს NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მშპ-ს 0.25% უნდა დაეხარჯათ.
მარკ რუტემ გასულ კვირაში უკვე განაცხადა, რომ მისი გეგმის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა, რადგან მას საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა. "არ ვფიქრობ, რომ ეს წინადადება წარდგენილი იქნება" - განუცხადა მან ჟურნალისტებს, ოპონენტების დაკონკრეტების გარეშე.
რუტე იმედოვნებდა, რომ წინადადება NATO-ს მომავალ ყოველწლიურ სამიტზე, ანკარაში დამტკიცდებოდა.
ალიანსის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ სულ მცირე შვიდმა წევრმა სახელმწიფომ, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მშპ-ს 0.25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ, ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. თუმცა NATO-ში ნებისმიერი წინადადების მიღებას ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
"ისინი ამ იდეის მიმართ დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ" - თქვა წყარომ და მოწინააღმდეგეებად ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა დაასახელა.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების მოცულობა - რომელიც აშშ-სა და გერმანიის შემდეგ მესამე უდიდესია - ეჭვქვეშ არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ ის მშპ-ს 0.25 პროცენტს არ აღწევს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის უახლოეს მომავალში ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს, რაც დაახლოებით მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.
გამოცემა წერს, რომ კრიტიკის უმეტესი ნაწილი მიმართულია ისეთი ქვეყნებისკენ, როგორებიც არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და კანადა, რომლებსაც არაერთხელ დასდეს ბრალი იმაში, რომ საკმარის პასუხისმგებლობას არ იღებენ.




