PACE-ის რეზოლუცია

PACE: საქართველოში არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები

PACE-ის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი    
     

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელას და საბინა ჩუდიჩის საქართველოზე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე აქვეყნებს რეზოლუციის კანონპროექტს, რომელიც გამოთქვამს "სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ."

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში "ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული," რაც "სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნასთან დაკავშირებით, დაიცვან საქართველოს წევრობის ვალდებულებები და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები."

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც უფლებები და ვალდებულებები მოჰყვება“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები "არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს."

რეზოლუციაში ასევე "მიუღებლად" არის შეფასებული ინიციატივა, რომელიც საქართველოში "პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიას აკრძალავს" და აღნიშნავს, რომ ამ გზის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოში "ერთპარტიული დიქტატურა" ჩამოყალიბდება.

დოკუმენტის მიხედვით, "საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები" "დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი შევიწროების, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო."

რეზოლუციის კანონპროექტი ასევე მოითხოვს "რეპრესიული კანონმდებლობების" გაუქმებას.

რეზოლუციის მიხედვით, კომიტეტმა ასევე გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ "არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ჩადენილ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევებზე," და გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება "თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის" გამო.

გარდა ამისა, ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, "ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ."

 

კომენტარები