რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლატვიის საჰაერო სივრცეში ზედიზედ მე-3 დრონის შეჭრის გამო NATO-ს გამანადგურებლები ააფრინეს

პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16 პოლონეთში
Andrzej Duszynski

ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ 21 მაისს ქვეყნის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა დრონმა დაარღვია, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოაცხადა. 

ეს უკვე ზედიზედ მესამე დღეა, რაც ლატვიამ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა.

პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემებისა და რადიოელექტრონული ჩახშობის გამოყენებით ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ უკრაინული დრონების მიზანმიმართული გადამისამართება დაიწყო. 

შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ ლატვიის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, ერთი დრონი შენიშნეს, რის პასუხადაც ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიის დაქვემდებარებაში მყოფი NATO-ს ავიაგამანადგურებლები ააფრინეს. 

"დამატებითი დანაყოფების განლაგებით ჩვენ აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გავაძლიერეთ," განაცხადა ლატვიის არმიამ. 

NATO-ს წყაროების მიხედვით, ალიანსში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ქმედებები მიზანმიმართულია. მათი თქმით, რუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიება, არამედ ასევე მათი გადამისამართებაცაა, რათა ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებს შესაძლო ზიანი მიაყენოს.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის რადიოელექტრონული ჩარევის შედეგად ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეფრენილ უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო თანამდებობები დატოვეს ლატვიის პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა. 

ამასთან, 7 მაისს ლატვიამ და ლიტვამ NATO-ს რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან შეფრენილი დრონები ლატვიაში ნავთობობიექტთან აფეთქდნენ. 

მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ დრონები უკრაინული იყო და ისინი ლატვიაში "რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებების" შედეგად შეფრინდნენ, რის ფარგლებშიც "რუსული სამიზნეებისკენ გაშვებულ უკრაინულ დრონებს მისამართი შეუცვალეს". 

სიბიჰას თქმით, ინციდენტის პასუხად უკრაინა ექსპერტების გაგზავნას განიხილავს, რათა ბალტიის ქვეყნების თავზე საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. 

კომენტარები