უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 21 მაისის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა რუსეთს სამარის ოლქში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
დამოუკიდებელი უკრაინული არხი Exilnova+ წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, უკრაინული იერიშის ფარგლებში "როსნეფტის" ქარხნის ნავთობგადამამუშავებელ დანადგარს დაარტყეს.
უკრაინული მედია Kyiv Independent წერს, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
თავის მხრივ, სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინას რუსეთის სიღრმეში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ხშირად მიაქვს, რათა კრემლს ომის წარმოების გაგრძელება გაურთულდეს. კიევი თვლის, რომ ენერგოინფრასტრუქტურა სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, ვინაიდან ენერგო ობიექტები რუსეთის ომის მანქანას ნავთობითა და ფულით ამარაგებენ.
მანამდე უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ 18-19 მაისს უკრაინამ იაროსლავლის ოლქში, მოსკოვის მახლობლად, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობსატუმბ ქარხანას დაარტყა.
ამასთან, გენშტაბის მიხედვით, უკრაინული ძალების სამიზნე იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც.




