ისრაელი

ჰუსიტების დრონი ისრაელში რამონის აეროპორტს შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი

კადრი რამონის აეროპორტიდან

7 სექტემბერს ჰუსიტების მიერ გაშვებულმა დრონმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების თავიდან აცილება შეძლო და სამხრეთ ისრაელში, რამონის აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს შეეჯახა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებენ. მათ ასევე დაამატეს, რომ იძიებენ, რატომ ვერ მოახერხეს საფრენი აპარატის შეჯახებამდე აღმოჩენა.

ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 63 წლის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. ის სამკურნალოდ შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მგზავრთა ტერმინალი დააზიანა.

ისრაელის საჰაერო ძალების წინასწარი გამოძიების მიხედვით, საჰაერო თავდაცვით სისტემებს დრონი შეჯახებამდე არ დაუფიქსირებიათ, რის გამოც გამაფრთხილებელი სირენები არ ჩართულია.

რამდენიმე საათის შემდეგ, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციამ (IAA) განაცხადა, რომ რამონის აეროპორტმა მუშაობა სრულად აღადგინა.

კომენტარები