ლელო-ძლიერი საქართველო "სამართლიანი და ფართომასშტაბიანი" ამნისტიის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კოალიციის წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
"დღეს საქართველოს ციხეები პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებითაა სავსე. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე [...] ეს სამართალი არაა, პოლიტიკური დევნაა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი [...] პოლარიზაციის დასასრულებლად, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, ლელო-ძლიერი საქართველო ინიციატივით გამოდის, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია". - თქვა გალდავამ.
გარდა ამისა, ლანა გალდავა ამბობს, რომ აუცილებელია, პენიტენციური სისტემის ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს.
"საქართველოში კრიტიკულად მაღალია როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ასევე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელიც [...] კრიტიკულად აუცილებელია, რომ პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს. სისტემა, პრაქტიკულად, მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმრების უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო". - განაცხადა გალდავამ.





