ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თუ იქნება "სინანული", შესაბამისი მოთხოვნა ექნებათ.
კობახიძის განმარტებით, სინანული იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ "პრევენციული ეფექტი" ექნება.
"მიდგომა არის მარტივი, სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მოთხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის, სინანულთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, მე ასე მგონია.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. არავის არ უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თქვენ გახსოვთ იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როცა სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული, გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა. შემდეგ იყო დაპატიმრებული ექვსი ადამიანი, ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მესამე მცდელობა, ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, ამან თავისი პრევენციული ეფექტი იქონია.
სადაც იქნება სინანული, სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი? ჩვენ ვინმეს ბოდიში კიარ გვჭირდება, ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, როდესაც ადამიანები დაგვანახებენ, სხვას აჩვენებენ რომ ისინი ნანობენ, ამას ექნება პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი, რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს." - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 12 მაისს, მამა ანდრიამ პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან ამაზე კიდევ ისაუბრებს.
"მე მაშინ [9 აპრილს] ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან და გიდასტურებთ. რა თქმა უნდა [ძალაშია]" - თქვა დეკანოზმა სვეტიცხოველთან.





