ოპოზიციური ალიანსი

ალიანსის გზა  -  გამარჯვების ერთადერთი გზაა

ოპოზიციური ალიანსი

ალიანსის გზა  -  გამარჯვების ერთადერთი გზაა

არ მეგულება მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ პროტესტშია და არ უწევს კამათი ახლობელ ადამიანებთან იმაზე, თუ რა აზრი აქვს პროტესტს.

მაინც არაფერი იცვლება, რეჟიმი მაინც ადგილზეა, პროტესტი ჩაქრა, მოკვდა - გვიმტკიცებენ სკეპტიკოსები. 

ერთი შეხედვით, თითქოს ძალიანაც არ ცდებიან - ფაქტია, რომ რეჟიმი ისევ “რეჟიმობს” და პროტესტიც შემცირებულია.  

მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით - რადგან ისინი არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ავტოკრატიული რეჟიმი ერთბაშად არსად და არასდროს ინგრევა.

მას ჯერ ბზარები უჩნდება, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს, არ იმჩნევს, რადგან უძლეველობის მითი წინააღმდეგობის დასაღლელად და გამოსაფიტად, საზოგადოების გასატეხად სჭირდება.

სწორად რომ ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა აზრი აქვს პროტესტს,  სწორედ ეს ბზარები უნდა დავინახოთ და აღმოვაჩენთ, რომ მათი დიდი ნაწილი საზოგადოების გაუტეხელი წინააღმდეგობის შედეგია.  

მაგალითად, რეჟიმის ბზარია საერთაშორისო სანქციები - ივანიშვილი და მისი ასობით ყურმოჭრილი მონა სანქცირებულია. რეჟიმის სიცრუის მანქანების - იმედის და პოსტივის თანამშრომლებს ხელფასის აღება “ქეშით” უწევთ, რადგან ბრიტანული სანქციების გამო ბანკები ვეღარ ემსახურებიან;

რეჟიმის ბზარია ივანიშვილის პარანოია და ციხეებში დამწყვდეული ბობოლა ქოცები - მათ უკან რეჟიმის აფორიაქებულ ლოიალისტთა არმიები დგანან;

რეჟიმის ბზარია მოსკოვის მექანიზმი და ძალადობისთვის დაჭერილი სპეცრაზმელები - შემდეგი საპროტესტო ნიაღვარი ამ ბზარს საბედისწერო ნაპრალად აქცევს;

თქვენ წარმოიდგინეთ, რეჟიმის ბზარია რუსეთის შევიწროვება ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ ევროპაში  - ივანიშვილს ხომ მანევრირება იქ შეუძლია, სადაც ძალის ვაკუუმს რუსეთი ავსებს?

ამასთან, თუ პროტესტი მკვდარია და რეჟიმისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაშინ რაში სჭირდება რეჟიმს ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაჭერა? რატომ დაიჭირა თათა ფერაძე, რატომ დაიჭირა ანი ფრიდონაშვილი და ათობით სხვა მოქალაქე ამ აბსურდული ბრალდებით? რატომ კლავს იმას, რაც უკვე მკვდარია, ან აქრობს იმას, რაც უკვე ჩამქვრალია?

იმიტომ, რომ რეჟიმი მოწინააღმდეგეებზე უკეთ ხედავს თავის სისუსტეს და იცის, რომ აი ეს ზედაპირულად შემცირებული პროტესტი, სინამდვილეში დიდი სახალხო უკმაყოფილების აისბერგის წვერია, რომელსაც ივანიშვილის გემი ეჯახება.

კი, მაგრამ რით ვერ დაეჯახა? - იკითხავს რომელიმე თქვენგანი, რომელსაც ყელში ამოუვიდა უშედეგობა.

საქმე ისაა, რომ ავტოკრატიული რეჟიმის ცვლილებისთვის საკმარისი არსად არაა, რომ მართალი იყო და პროტესტს გამოხატავდე.

გაბრაზებული მოქალაქეების საპროტესტო ნიაღვარი ქუჩაში რეჟიმს ასუსტებს, ბზარავს, მაგრამ ვერ ცვლის, რადგან ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც პროტესტი ისეთ პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რომელიც რეჟიმის ბზარებს სწორად ხედავს და ამავდროულად, სწორად იყენებს, ორგანიზდება, ძალას იკრებს და ხალხის თვალში რეალურ, სანდო ალტერნატივად აღიქმება.

ახლა ყველა დაფიქრდით:

რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისაც ეგულება პოლიტიკური ლიდერი, ვისზეც იძახის, რომ მის ინტერესებს გამოხატავს და ვისაც ენდობა?

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტას და გადამამოწმეთ, თუ ვცდები.

ეს არის ლიდერობის კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება - უნდობლობა.

მწარედ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილის ძალა ძალოვან სტრუქტურებშია.

სინამდვილეში, მისი ძალის წყარო საზოგადოებაში გამეფებული ნდობის კრიზისი და ნიჰილიზმია.

როდესაც მოქალაქეები პოლიტიკურ პროცესში ვერ ხედავენ ლიდერს, ან ლიდერებს, რომლებიც მათ ინტერესებს განასახიერებენ და ენდობიან, ისინი უცხოვდებიან პოლიტიკური პროცესიდან და მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

უნდობლობა კანონზომიერია და მისი ახსნა სისტემაში უნდა ვეძებოთ.

ამ სისტემური დაავადების სახელია ავტოკრატია, ანუ წესრიგი, სადაც წესებზე და პრინციპებზე მაღლა რომელიმე პიროვნება დგას და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს.

საქმე ისაა, რომ ავტოკრატიული, ანუ პიროვნების გარშემო აგებული სისტემები ლიდერებს არათუ ზრდის, არამედ ახშობს.

ავტოკრატიულ, პიროვნების გარშემო აგებულ სისტემაში ფასობს არა კომპეტენცია, ინიციატივა, პრინციპებისადმი ერთგულება და საზოგადოებრივი ნდობა, არამედ პერსონალური მორჩილება - შედეგად, ბუნებრივად ვიღებთ არა ლიდერებს, არამედ მიმდევრებს.

 მიმდევრები ლიდრობის ვაკუუმს ვერ შეავსებენ - ისინი ლიდერები არ არიან.

ამასთან, უნდობლობას კვებავს ისიც, რომ ტყუილი და ცილისწამება ავტოკრატიაში ნორმალიზებულია, რაც აძლიერებს აღქმას, რომ ყველა ბინძურია.

ამას გარდა, ავტოკრატიული გარემო ქმნის მუდმივ პერსონალურ დაპირისპირებებს, რადგან როცა წესებზე მაღლა პერსონა დგას, პოლიტიკაც პერსონალური ხდება  - ვინ ვის ემორჩილება, ან არ ემორჩილება, ვინ ვისთან დადგება, ან არ დადგება, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ ვის უღალატა… ასეთ გარემოში, ველი, რომელიც პოლიტიკურ დისკუსიას უნდა ეკავოს, პერსონალური თავდასხმების არენად იქცევა, სადაც ყველაფერი მორევაზეა და პოლიტიკა ამომრჩევლისთვის ტოქსიკური ხდება.

ასე რომ დიახ, შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ ავტოკრატიული სისტემა, რომელიც თითქოს ძლიერ ლიდერს ემსახურება, სინამდვილეში უნდობლობას და ლიდერობის ვაკუუმს ქმნის - ლიდერობის კრიზისს აჩენს.

ავტოკრატიულ სისტემაში უნდობლობა მოქალაქისთვის თავდაცვაა - უნდობლობით თავს იცავთ მოტყუებისგან, იმედგაცრუებისგან. თუ არავის ენდობით, ვერც ვერავინ მოგატყუებთ. თუ არავისი იმედი არ გაქვთ, ვერც ვერავინ გაგიცრუებთ.

მართალია, რომ უნდობლობა ერთგვარ დამცავ ნაჭუჭს გიქმნით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ნაჭუჭი იმ განსაცდელისგან ვერანაირად ვერ  დაგიცავთ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს.

უნდობლობა ვერ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს;

უნდობლობა ვერ შექმნის სანდო პოლიტიკურ ალტერნატივას;

უნდობლობა ვერ მოიპოვებს თავისუფალ არჩევნებს;

უნდობლობა ვერ დაამარცხებს რუსულ გავლენას და ვერ დაბრუნდება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.

ცალსახაა, რომ გამარჯვებისთვის, ნდობის კრიზისი უნდა დავძლიოთ;

გამარჯვებისთვის, საფუძველი უნდა გამოვაცალოთ ივანიშვილის პროპაგანდას, რომ უკეთესი, სანდო ალტერნატივა არ არსებობს;

გამარჯვებისთვის, თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეძლოს და იპოვოს პოლიტიკურ სპექტრში ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მის სათქმელს ამბობს, მის ინტერესებს იცავს და რომელსაც ენდობა.

ახლა, ცხადია, ეს ჩემი შეძახილით ვერ მოხდება  -  პოლიტიკური სპექტრის მხრიდან სერიოზული ძალისხმევის გარეშე. 

 რა არის ეს ძალისხმევა:

ზემოთ აღვწერე, რომ ნდობის კრიზისი, რაც ლიდერობის ვაკუუმს ქმნის ოპოზიციაში, სისტემური ავადმყოფობის, ავტოკრატიის შედეგია.

იმისათვის რომ ნდობის კრიზისი მოგვარდეს და ლიდერობის ვაკუუმი შეივსოს, ოპოზიცია სისტემურად უნდა გადაიტვირთოს, დემოკრატიული გახდეს  - ასეთი სისტემური გადატვირთვის ფრთხილი მცდელობაა ალიანსი.

ალიანსი არის საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც პარტიული ერთობა საერთო მიზანს და წესებს ეფუძნება და არა რომელიმე პიროვნების ინტერესებს.

ალიანსი არ არის საარჩევნო ბლოკი - ეს არის პარტიების სტრატეგიული შეთანხმება ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების მისაღწევად.

ალიანსი აერთიანებს იმ პარტიებს, ვინც რეჟიმის არაღიარებას მიიჩნევს მისი დამარცხების გზად - ივანიშვილის მანევრებში არ მონაწილეობს და ივანიშვილს ლეგიტიმურ მმართველად არ აღიარებს.

ცხადია ზუსტად არ ვიცი ალიანსის რამდენ წევრს ეყოფა ნებისყოფა გაუძლოს შერყეული ავტოკრატიული სისტემის შემოტევებს მრავალი ფლანგიდან;

არც ის ვიცი, ზუსტად რამდენს ეყოფა გონიერება რეჟიმის ბზარები სწორად წაიკითხოს და მის წინააღმდეგ გამოიყენოს;

არც იმის ცოდნაა იოლი, რამდენი უერთგულებს შეთანხმებულ არაღიარების სტრატეგიას და წესებს ბოლომდე;

რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ნდობის კრიზისის მოგვარება, ლიდერობის ვაკუუმის შევსება და შემდეგი საპროტესტო ნიაღვრის რეჟიმის ცვლილებად გარდაქმნა მხოლოდ და მხოლოდ ალიანსის  გზით შეიძლება და ისინი გავიმარჯვებთ, ვინც ალიანსის გზით ვივლით.

 ახლა კი ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ 26 მაისს რუსთაველზე  შევიკრიბოთ, ძალა ვაჩვენოთ და რეჟიმს ახალი ბზარები გავუჩინოთ - მოდით 19 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  და მარშით მივიდეთ პარლამენტამდე. 

გამარჯვებისთვის! ერთად! ბოლომდე!