საქართველო-ევროკავშირი

ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება, ვიბრძვით, დაუბრუნდნენ ღირებულებებს - პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი ისევ ამბობს, რომ "საბჭოთა მოსკოვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი". პაპუაშვილი სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებისთვის: რუსთავი 2-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ საქნცირებული TV იმედისა და POSTV-ისთვის ევროპარლამენტში მუშაობის 1 წლით აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარის დროს აცხადებს, რომ ეს საფუძველია, "გამოვიტანოთ დასკვნა", რას წარმოადგენს ევროკავშირი და რომ "ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება". 

"ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა და ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი საფუძველი, რომ გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. აი ეს არის. დღეს ევროკავშირი სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები, ეს არის სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, იმიტომ, რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. [...]

სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა, რამენაირ სარგებელს მოუტანს ჩვენ ქვეყანას. სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით". - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს, მის რეინკარნაციას უწოდებს და ამბობს, რომ არაფრით განსხვავდება და "ესთეტიკაც კი იგივე აქვთ".

ცნობისთვის, 13 მაისს პროპაგანდისტული სამთავრობო მედიამ, TV იმედმა განაცხადა, რომ ტელეარხმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, "იმედს" 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.

ამასთან ერთად, ტელეარხის ინფორმაციით, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა და "TV იმედი, რუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას", სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.

14 მაისს, TV იმედმა, ასევე განაცხადდა, რომ ევროპარლამენტში მუშაობის შეზღუდვა ასევე დაუწესდათ POSTV-სა და რუსთავი 2-ს. 

კომენტარები