რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა ევროკავშირისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, რუსეთი და საქართველო "ბუნებრივი პარტნიორები" არიან და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ იხელმძღვანელებს "საკუთარი ხალხის ინტერესებით" და არ დაუშვებს "რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციაში ჩათრევას".
"ევროკავშირის რუსეთის იზოლაციის პოლიტიკას საქართველოც შეეჩეხა. მეტიც, ევროკავშირელების მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელების გადაგრეხვა და უცერემონიო ჩარევა რესპუბლიკის საქმეებში ბრიუსელისთვის მოულოდნელ შედეგამდე მივიდა. თბილისში კიდევ უფრო გამყარდა პრაგმატიზმი, რომელიც ქვეყნისა და მისი ხალხის ძირეულ ინტერესებზეა დაფუძნებული. თითქოს, ევროკავშირში შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანათ. სულაც არა - მათ კიდევ უფრო ხშირად დაიწყეს შანტაჟისა და მუქარების გამოყენება, რათა საქართველოსთვის კურსის შეცვლა დაეძალებინათ." - თქვა
კალუგინის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, სიტყვები, რომ საქართველო კარგი ილუსტრაციაა ქვეყნისა, სადაც რუსეთი იმარჯვებს, ირონიული ნათქვამი იყო, რომლითაც ის გულისხმობდა, რომ ქვეყანა "უფსკრულისკენ მიემართება". მისი მტკიცებით, "მშრალი ფაქტები" საწინააღმდეგოს მეტყველებს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, "საქართველო წარმატებულად ვითარდება", რადგან არ მისდევს "პატრონების თავს მოხვეულ მითითებებს".
კალუგინი ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის "არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთთან ვაჭრობის გაფართოება". მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა დაზიანდება, თუ ის შეუერთდება ევროკავშირის "ანტირუსულ სანქციებს".
"ხაზს გავუსვამ, რომ რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ზად ვართ, მომავალშიც განვავითაროთ თანამშრომლობა თბილისთან და კონსტრუქციულად გადავწყვიტოთ პრაქტიკული საკითხები. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გაახანგრძლივა უვიზო ყოფნის ვადა ქართველი მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებენ." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
"იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც თავისი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და არ დაუშვებს რესპუბლიკის რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციაში ჩათრევას." - დაამატა კალუგინმა.




