უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურებმა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
"უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) ბრალი წარუდგინეს უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრია და გარეული იყო კიევის მახლობლად მშენებლობაზე 460 მილიონი ჰრივნის [€8.9 მილიონი] გათეთრებაში". – განაცხადა NABU-მ 11 მაისს.
ანტიკორუფციულ სააგენტოებს ერმაკის სახელი არ უხსენებიათ, თუმცა, ბრალდებები ეხება ე.წ. "მიდასის ოპერაციას," რომელიც სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ენერგოკომპანია Energoatom-თან დაკავშირებულ €85 მილიონის ოდენობის კორუფციულ სკანდალს ეხება. გამოძიება შეეხო ზელენსკისთან დაახლოებულ სხვა პირებსაც – მათ შორის, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩსა და უკრაინის პრემიერმინისტრის ყოფილ მოადგილეს, ოლექსი ჩერნიშოვსაც. ორივე მათგანს კორუფციისთვის ბრალი გასულ წელს წარუდგინეს, თუმცა, ისინი ბრალდებებს უარყოფდნენ.
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ერმაკის სახლში ჩხრეკა გასული წლის ნოემბერში ჩაატარა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა.




