სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი უძილაური "ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული".
მდინარაძის განცხადებით, მიმართავს სუს-ის უფროსს, გეკა გელაძეს გამოაქვეყნოს კადრები, სადაც ჩანს "როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს".
"თქვენ გახსოვთ, ბატონო ლაშა მაღრაძის ბრიფინგი, სადაც იყო პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად, სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე და ა.შ. კონკრეტული პირი, ოღონდ ეს მინიშნება, როგორც მივხვდით, სწორად ვერ გაიგეს, შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და 2 პასუხისგებაში მიცემული პირი, ძალიან საინტერესო ადამიანები - ამ სამუშაოსთან მიმართებით საინტერესოობას ვსაუბრობ.
შემდეგ იყო ევროპის, თუ გინდათ ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს აღარავინ არაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი და ჩვენ დღენახევარია უკვე იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითშიც კი. რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო სუს-ს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს ვიდეო, მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.
რა თქმა უნდა, ინფორმაციას რას გადასცემდა და ამ ნაწილებს ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების, ფულის გადაცემის და ხელმოწერის ნაწილი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიორგი უძილაური კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დაკავა. ის წარსულში ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.
უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 მაისს შეეფარდა.
სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ "უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა". ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



