გიორგი უძილაურის საქმე

საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირზე ინფორმაცია არაა – უძილაურის ადვოკატი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრესმდივანი, გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს. 

ადვოკატის განცხადებით, უძილაურის საქმეში არ დევს ინფორმაცია, რაც ადასტურებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირს ან ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო მოქმედებას.  

"არ ეთანხმება ბრალს, იმიტომ, რომ არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე ინფორმაცია არა არის საქმეში - ასე ვფიქრობ და თვითონაც ფიქრობს, არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი. [...] ჩვენი პოზიცია იყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. [...] ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, არ უსაუბრია [სხდომაზე]. თვითონ მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეს გრიფი ჰქონდეს" - განაცხადა გიორგი უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა.

პროკურორის განცხადებით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მოპოვებულია მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უძილაურის ბრალეულობას ადასტურებს. საქმე გრიფით საიდუმლოა.

"ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტიკას, უცხო ქვეყნის დასახელებას და კონკრეტულ მტკიცებულებებს, მოგეხსენებათ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. [...] 

საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს, ხოლო თუ რა სახის მტკიცებულებებია, მტკიცებულებების კონკრეტიკისა და გამოძიების მეთოდიკის გაჟღერებაც, დააზიანებს გამოძიების ინტერესებს" - თქვა საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა. 

გიორგი უძილაური კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დაკავა. ის წარსულში ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 მაისს შეეფარდა.

სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ "უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა". ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა. 

კომენტარები