თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი გამოაცხადა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე. მან ათივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა:
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს - 7 წელი; ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ირაკლი შაიშმელაშვილს [დაუსწრებლად] - 2 წელი, ბრალად ედებოდა: საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
ლაშა ბერიძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წელი, ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
გური ჟვანიას - 5 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
პაატა მანჯგალაძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - "მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება".
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს.
მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც "4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო".
6 ოქტომბერს, პროკურატურის ცნობით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს. ხოლო 7 ოქტომბერს, პატიმრობა შეეფარდათ.





