საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.
სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ "უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა". ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
