საქართველო-უკრაინა

ერევანში ბოჭორიშვილთან შეხვედრა გავმართე - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  

ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

"ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე," - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელში და ავრცელებს ფოტოს.

სიბიჰას თქმით, ის და ბოჭორიშვილი შეთანხმდნენ, "კონტაქტი შეინარჩუნონ."

სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი მიმდინარეობს.

სომხეთის გარდა, სამიტზე ასევე მიწვეულნი არიან ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა, ასევე საქართველო, ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეულია კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც სამიტს არაევროპული ქვეყანა ესწრება.

კომენტარები