მაღაზიათა ქსელი გუდვილი ფასების კომისიის დასკვნას ეხმაურება. მათი აზრით, კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია "სოციალური კალათის" პროდუქტებზე ხელმისაწვდომი ფასების დაწესება.
შესაბამისად, ისინი აპირებენ სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფას და მათზე განსაკუთრებული შეთავაზებების დაწესებას.
გუდვილის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდანაც გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.
"საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე რითეილ ასოციაციის განცხადებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
მთელი პროცესის განმავლობაში გუდვილი აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას; გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას "სოციალური კალათის" პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი.
ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში "სოციალური კალათის" გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი.
იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.
ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს." - წერია გუდვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს - დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.
ივანიშვილის დეპუტატის, კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში "აგრესიული ჩარევა არ მოხდეს".
რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





