შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში 30 აპრილს დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. უწყებამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა - 1985 წელს დაბადებულ ბ.ჟ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო შ.რ.-ს თანმხლები გ.ს., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული"- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





