რუსული რეჟიმი

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

მზია ამაღლობელი, ირაკლი კობახიძე

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით აკობაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. მისი თქმით, "პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება."

მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას.

სასამართლო სხდომას არ დასწრებია არც თავად ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ანა რეხვიაშვილის თქმით ათამდე სარჩელია მაღალი თანამდებობის მქონე პირების წინააღმდეგ შეტანილი, თუმცა სასამართლო, ძირითადად, მათ წარმოებაშიც კი არ იღებს. მისი შეფასებით, ეს არის ამაღლობელისთვის სარჩელის უფლების წართმევა. ადვოკატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისინი ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენებ იმისათვის, რომ დაადგინონ ჭეშმარიტება ყველა საქმეზე, სადაც მზია ამაღლობელი მონაწილეობს.

"ათამდე სარჩელია წარდგენილი საქართველოს სასამართლოებში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, განცხადებებთან დაკავშირებით. თუმცა ყველა ამ საქმეზე სასამართლოს მიდგომა არის სისტემური, სასამართლო არ იღებს წარმოებაში ამ სარჩელებს, სხვადასხვა ტექნიკური უსაფუძვლო არგუმენტებით. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რომელიც გაგვიკვირდა კიდეც, როდესაც წარმოებაში მიიღო სასამართლომ და სხდომა ჩანიშნა, თუმცა სხდომაზევე ვნახეთ, რით დაასრულა რეალურად საქმის განხილვა.

ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელს სარჩელის უფლება აქვს წართმეული. სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს საშუალება აქვთ, რომ მასთან დაკავშირებით გაავრცელონ ნებისმიერი ტიპის მცდარი ინფორმაცია მაშინ, როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელს ერთმევა შესაძლებლობა არათუ სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეს, არამედ უფლება, რომ სარჩელი აღძრას სასამართლოში და მიაღწიოს მისი სარჩელის შინააარსობრივ განხილვას.

რა თქმა უნდა, განჩინებას ჩავიბარებთ და ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც არსებობს საქარველოში გამოვიყენებთ ყველა იმ მიმდინარე საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და მისაღწევად, სადაც ქალბატონი მზია ამაღლობელი მონაწილეობს." - თქვა სასამართლო სხდომის შემდეგ ანა რეხვიაშვილმა.

მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, 2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით.

განცახდებებში ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს.

კომენტარები