შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამბროლაურში ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა" - წერს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





