ევროპის კავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ფორმალურად დამტკიცების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
პრეზიდენტები მიესალმნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სესხისა და სანქციების მე-20 პაკეტების დამტკიცებას.
"უკრაინის მხარდაჭერის სესხი უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც ქვეყანას მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს გამძლეობა მიმდინარე რუსული თავდასხმების პირობებში" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მე-20 პაკეტი მიზნად რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას, მისი საბანკო სისტემის შეზღუდვას და "ჩრდილოვანი ფლოტის" ოპერაციების შეზღუდვას ისახავს.
პრეზიდენტებმა აღნიშნეს უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერთა დაუყონებლივ გახსნისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათ ხაზი გაუსვეს იმ რეფორმების პროგრესს, რომელსაც უკრაინამ რთულ პირობებში მიაღწია და კიევს ამ ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.





