სუს

მდინარაძე: სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება, სადაც დევს ჩანაწერები ბლაჟევიჩის მონაწილეობით

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ივანიშვილის სუს-ის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით და მისი მონაწილეობით.

"კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი [ჩეხეთში] მქონდა ჩეხეთში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან: უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსთან. პირველთან ამ თემას საერთოდ არ შევხებივართ ამ თემას, მეორე შემთხვევაში - შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა, რაღაც ჩაჭიდებული საუბარი ამაზე არ გვქონია.

რაც შეეხება ბლაჟევიჩს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ბევრ ადამიანს ჩემი შემდეგი წინადადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ. ვიღაცას ჰგონია, რომ აქ არის მარტო ტრენინგები, აქ არ არის მარტო ტრენინგები, არის კონკრეტული მითითებები, მათ შორის.

[...] დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დისტანციური დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ისე გავძლიერდით, საბედნიეროდ, შიდაუწყებრივად, რომ შევძელით, რომ აქაც უკვე ჩავმჯდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. და მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებაში, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები". - თქვა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, მოვა დრო და ილაპარაკებს იმაზე, თუ რას "გეგმავდნენ" ბლაჟევიჩთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლები.

"მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება, ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ოპოზიცია უკვე ძალიან გაფრთხილდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, თავდაპირველად სამთავრობო, პროპაგანდისტულმა მედიამ, TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა, იგორ ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს.

კომენტარები