ომი ახლო აღმოსავლეთში

ირანმა ჰორმუზი სავაჭრო გემებისთვის "სრულად გახსნა" – აშშ-ს საზღვაო ბლოკადა კვლავ ძალაშია

REUTERS/Benoit Tessier

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ X-ზე დაწერა, რომ "ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად", ირანი ჰორმუზის სრუტეში ყველა სახის კომერციული გემის მიმოსვლას "გახსნილად აცხადებს".

"ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდისთვის ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემისთვის მიმოსვლას სრულად გახსნილად ვაცხადებთ". – წერს არაღჩი. 

თავის მხრივ, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ირანის განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა:

"ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გახსნილია და მზადაა სრული მიმოსვლისთვის. მადლობა!" – დაწერა მან Truth Social-ზე.

თუმცა, ცალკე პოსტში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ირანთან მიმართებით დაწესებულ საზღვაო ბლოკადას მანამ, სანამ "ირანთან გარიგება 100%-ით არ დამთავრდება".

კომენტარები