ლიბერთი ბანკი

ბაზისბანკი ლიბერთი ბანკის აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა და მისი აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე.

ლიბერთი ბანკისა და სამთავრობო მედია იმედის ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 5 ივნისს დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაზისბანკის მხრიდან ლიბერთი ბანკის შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას". - ამბობს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ბექა გოგიჩაიშვილი.

2025 წლის 5 ივნისს რუხაძე ამბობდა, რომ ლიბერთი ბანკის შესაძლო გაყიდვას კავშრი არ აქვს სანქციებთან.

"ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს რაღაც ვითომ საფრთხე არსებობს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ საფრთხისთვის". - თქვა რუხაძემ.

კომენტარები