ლიბერთი ბანკი

"თურნავამ და თავისმა სტაფმა გაჭედეს" - რუხაძე ხსნის როგორ იყიდა ბაზისბანკმა ლიბერთი

"ეს გარიგება თავიდან რომ მოკვდა, მოკლა ეროვნულმა ბანკმა" - თქვა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ კაცმანის პოდკასტში, როცა ლიბერთი ბანკის გაყიდვაზე საუბრობდა.

წამყვანმა ჰკითხა რუხაძეს, ვინაიდან ბაზისბანკი არის ჰუალინგ ჯგუფის საინვესტიციო კომპანია, ანუ არის ჩინური კაპიტალი, შეგვიძლია თუ არა ვქვათ, რომ ქვეყანაში ჩინურ კაპიტალს აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა. 

რუხაძემ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამ ქვეყანაში "მწვანე შუქი" ანთებული აქვს ყველა კაპიტალს, თუმცა ის ფაქტი რომ არცერთი მათგანი არ შემოდის საქართველოში არის "ყველაზე დიდი პრობლემაც და შესაძლებლობაც." 

"ჩინური კაპიტალი არ შემოდის, სამწუხაროდ, მაგრამ მწვანე ანთებული უნდა ჰქონდეს ჩინურსაც, ამერიკულსაც და არადასანქცირებულ რუსულსაც. არც ის არ შემოდის, მარტო დასავლური და ჩინური კი არა, რუსულიც არ შემოდის." - თქვა ბიზნესმენმა.

ამის შემდეგ რუხაძემ ახსნა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის გარიგება, საბანკო სფეროში დივერსიფიკაციის კუთხით და განმარტა რა მიზეზებით "მოკლა" ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად შეთანხმება.

"ეს გარიგება თავიდან რომ მოკვდა, მოკლა ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ ორი ინტერაქცია გვქონდა. რაღაცაზე მოვილაპარაკეთ და ეროვნულმა ბანკმა მოკლა გარიგება, თქვა რომ არაო, მე ამაზე არ მოგცემ უფლებასო, უთხრა ბაზის ბანკს. არ წავალ ღრმად რაები მოხდა და რა იყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა უთხრა არაო.

ეროვნულ ბანკს უნდოდა ეს გარიგება, რომ მომხდარიყო. (…) ეროვნულ ბანკს უნდა უნდოდეს, ეს გარიგება რომ მოხდარიყო საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, შენ უნდა გინდოდეს რომ იყოს ბანკი, რომელსაც აქვს არა ბაზრის 5-6%, არამედ აქვს 12%, რომ იმ ორ ბანკს კარგად შეეჯიბროს. 

(...) რაღაცები არ მოეწონა ჩინური რაც შემოდიოდა, რა დოკუმენტაცია იყო, ვინ იყო ბოლომდე ვერ გაერკვია იმის უკან რა იდგა, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრა - არა, არ მოგცემთ უფლებას.

(...) ეროვნულმა ბანკმა სწორედ გაჭედა იმის მიუხედავად, რომ უნდა უნდოდეს და ახლა ალბათ, ბედნიერია რომ დიდი ბანკი ჰყავს ქვეყანაში, გაჭედა სწორედ მაშინ. 

ახლა ამის უკან ხუთი მოხუცი, წვერებიანი კაცი დაჯდა და რაღაცაზე მოილაპარაკეს, არვიცი, მაგრამ არამგონია. მე ეჭვი მაქვს, რომ ნათია თურნავამ და თავისმა სტაფმა გაჭედეს და სწორედ გაჭედეს იმისდა მიუხედავად, რომ უნდა უნდოდეთ ეს გარიგება და უნდოდათ, ბოლოს მიგვიყვანეს და სწორად გაგვაკეთებინეს, ოღონდ ამასობაში ფასი შეიცვალა იმიტომ, რომ გავიდა თითქმის წელიწადნახევარი." - განაცხადა რუხაძემ.

მან იმაზეც ისაუბრა, რომ უფრო საინტერესო გარიგება ჰქონდა "დიდდასავლურ ბანკთან", თუმცა რუხაძის თქმით, შეთანხმება ჩაიშალა იმიტომ, რომ ქვეყანაში "დაიწყო პოლიტიკური გამოსვლები." 

ცნობისთვის, 16 აპრილს, ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა და მისი აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა. 

კომენტარები