ლიბერთი ბანკს ბაზის ბანკი ყიდულობს - საკითხის განხილვა სებ-მა უკვე დაიწყო.
"საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ბაზისბანკის (ს/ნ 203841833) მიერ ლიბერთი ბანკის (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე" - წერია სებ-ის განცხადებაში.
ლიბერთი ბანკისა და სამთავრობო მედია იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 5 ივნისს დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაზისბანკის მხრიდან ლიბერთი ბანკის შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაშინ რუხაძე არ გამორიცხავდა, რომ მოლაპარაკებები სხვა შედეგით დასრულებულიყო და ლიბერთი ბანკის გაყიდვაც გადაიფიქრებინა.
"ველაპარაკებით ბაზისბანკს, მაგრამ არ დასრულებულა. იმასაც ვერ გეტყვით ზუსტად, დასრულდება თუ როდის დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარაკი [...] მთავარი, ვინც განიხილება, არის ბაზისბანკი, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი სხვანაირად წავიდეს, ვიღაც სხვა გაჩნდეს ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ. [..]
ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ ქართულ საბანკო სისტემაში და ვთამაშობთ იმ წესებით, რომლებიც დაგვიწესა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - ეროვნულმა ბანკმა. ამიტომ, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ბევრად დიდი, ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია". - ამბობდა რუხაძე TV პირველთან და ირწმუნებოდა, რომ ლიბერთი ბანკის შესაძლო გაყიდვას კავშირი არ აქვს სანქციებთან.
"ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია, გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს რაღაც ვითომ საფრთხე არსებობს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ საფრთხისთვის". - თქვა რუხაძემ.





