მარნეულის იმამ ალის მეჩეთში გამართული ქადაგების დროს სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის. ინფორმაციას MarneuliNews ავრცელებს.
მედიის ცნობით, მეჩეთში განთავსებული იყო ხამენეის პოსტერი, ამასთან ერთად, დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმეს ასევე ჰქონდა აღმართული აიათოლა ალი ხამენეის პოსტერები.
რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, 5 თებერვალს ქადაგებას უძღვებოდა ჰაჯი ჰაჯიევი, იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდი, ანუ სჯულის მცოდნე. გამოცემა წერს, რომ ის ლოცვას აიათოლა ხამენეის პოსტერის ფონზე უძღვებოდა.





