რუსეთი

პესკოვი ინტერნეტის შეზღუდვაზე: ახლა ასეთი პერიოდია, როცა საჭიროება გაქრება, აღდგება

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი
RBC

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვა მაშინ შეწყდება, როცა ამის "აუცილებლობა გაქრება".

"გასაგებია, რომ ინტერნეტის მუშაობის შეზღუდვა მრავალი მოქალაქისთვის დისკომფორტს ქმნის. თუმცა ახლა ასეთი პერიოდია. მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება, ნორმალიზდება." - თქვა პესკოვმა.

პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას "ესმის ამ ზომების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა".

მისივე თქმით, მოსახლეობა "გაგებით" ეკიდება საკომუნიკაციო აპლიკაციების შეზღუდვასაც, რაც მან კიდევ ერთხელ იმით გაამართლა, თითქოს მსგავსი აპლიკაციები რუსეთის სამართლებრივ მოთხოვნებს არ ასრულებენ.

ბოლო პერიოდში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ინტერნეტი პერიოდულად იზღუდება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები დრონების თავდასხმის საშიშროებით ხსნიან. მსგავსი შეზღუდვები თავდაპირველად უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში წესდებოდა. მაგალითად ინტერნეტის მუშაობა იზღუდებოდა ბელგოროდის ოლქში, სადაც შეფერხებით მუშაობდა ე.წ. თეთრი სიის ვებგვერდებიც. ამ სიას რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო ადგენს და მასში შემავალი ვებსაიტები მომხმარებლებისთვის ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვების დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 2026 წელს ინტერნეტის შეფერხება და ე.წ. თეთრი სიების გამოყენება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც დაიწყო. მარტის დასაწყისიდან რუსეთში შეფერხებით მუშაობს სოციალური ქსელი ტელეგრამიც, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში აკრძალავენ.

კომენტარები