უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს, პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა, რომ ორივე ქვეყნის და ევროპაში მშვიდობის სასარგებლოდ შეხვედრები გამართოს და უნგრეთთან კონსტრუქციულად იმუშაოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
"ვულოცავ პეტერ მადიარსა და Tisza-ს პარტიას მათ ბრწყინვალე გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს.
უკრაინას ყოველთვის სურდა ევროპაში ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები და მზად ვართ, რომ უნგრეთთან ჩვენი თანამშრომლობა წინ წავწიოთ.
ევროპა და ყველა ევროპული ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელს სურს თანამშრომლობა და სტაბილურობა.
მზად ვართ ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სასარგებლოდ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი - 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს - 7 მანდატით.
პარალელურად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, "არჩევნების შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია".
ორბანმა დაამატა, რომ Fidesz უნგრეთის მსახურებას ოპოზიციიდან განაგრძობს და "არასდროს დანებდება".
მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.





