თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორების ნაწილი სასამართლოს მოუწოდებს და შუამდგომლობით მიმართავს, რომ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტისა და ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტონ. ცნობისთვის, შსს ტაბულას ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციაზე "გზის გადაკეტვას" ედავება.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, აქციაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან მაშინ, როცა ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, საშიშ პრეცედენტს ქმნის და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა. გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე". - წერია განცხადებაში.
ლექტორები აღნიშნავენ, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
"თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა და მთლიანად, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია აქციების გაშუქებასთან. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება - კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში". - წერენ ლექტორები მიმართვაში.
ამ დროისთვის, დოკუმენტს ხელს 40-მდე პროფესორი აწერს.





