დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას პროცესი გაიმართა. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სხდომა 30 მარტამდე გადადო.
პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თინათინ კაჭკაჭიშვილი ამტკიცებდა, რომ 21:05-ზე კუპრავა “გზაზე დააფიქსირეს”, რის გამოც ჟურნალისტის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა.
კუპრავამ თავის სიტყვაში ახსნა, რომ ასრულებდა ჟურნალისტურ მოვალეობას და კანონს არ არღვევდა.
"1 წელია, ტაბულაში ვმუშაობ და მას შემდეგ, ყოველდღიურად ვაშუქებ აქციებს, ასე იყო 7 თებერვალსაც. კადრებში ჩანს, რომ ფილარმონიიდან მსვლელობის დაწყებისთანავე მეკეთა ჟურნალისტის ბეიჯი და სამხრე ნიშანი, რომელსაც აწერია მედია. მარშის შემდეგ, როცა მივედით პარლამენტთან, მოქალაქეების ნაწილი გზის სავალ ნაწილზე დარჩა.
ჟურნალისტისთვის აუცილებელია, რომ ეს ნაწილიც გადაიღოს, რათა საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ. იმ დროს, ერთ-ერთი მოქალაქე პოლიციას რუპორით მიმართავდა და მე სწორედ ამას ვიღებდი. კადრებშიც ჩანს, რომ მე ვიღებ. ჟურნალისტებისთვის მოვლენების ეპიცენტრში დგომა აუცილებელია, რადგან იქ მიმდინარე მოვლენები სრულყოფილად გავაშუქოთ.
მე იქ არ ვმდგარვარ, როგორც აქციის მონაწილე, მე იქ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. ტროტუარზე დგომაც დიდად დაცული არაა და თუ ვერსად დავდგებით, საიდან უნდა გადავიღოთ? არ ვთვლი, რომ რაიმე კანონი დავარღვიე. მე იქ ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდი." - თქვა მარიამმა.
ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩანს მედიის სამკლაურიც და ე.წ ბეიჯიც. მან ჰკითხა შსს-ს წარმომადგენლებს, შენიშნეს თუ არა ეს და მიუხედავად ამისა, მაინც ჩათვალეს თუ არა კუპრავა აქციის მონაწილედ.
შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ "ალბათ არ მომხდარა იდენტიფიცირება" და სრული ჩანაწერის მიტანის მიზნით პროცესის გადადება ითხოვა. მისი თქმით, "დამატებითი მასალებისთვის" რამდენიმე დღე სჭირდებათ.
შემდეგი სხდომა 30 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება.
7 თებერვალს კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას - შაბათის მარშს.
"მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს" - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.





