ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ კაუმა X-ზე წერს.
"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, რა დროსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში". - წერს კაუმა.
გუშინ, 4 იანვარს ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კაუმას წერილით მიმართა სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ და მას ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც "არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით", მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული უკანონო დაკავებების, ძალადობის და რეპრესიების დროს, მისი საქართველოში ვიზიტის გადადება "იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ".
ამასთან, კაუმას ვიზიტს გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობას აფასებს, თუმცა, "თბილისში ვიზიტის დრო ღრმად შემაშფოთებელია".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ "ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას და ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია".
ამავროულად, კაუმას ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა არაერთმა ევროპალამენტარმა და ასევე, აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა.





