სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური

მდინარაძე: სურთ, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა, მიზანი ჩვენი ომში ჩაბმაა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის რუსეთში "ტერაქტების მოწყობის დაბრალების" მიზანი საქართველოს ომში მონაწილე ერთ-ერთ მხარედ ქცევაა. 

"როდესაც იხსნება ტრანსნაციონალური დანაშაული და იკვეთება რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი ამაში, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი, უდავოა, რომ ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს.

წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება იმის მცდელობა, რომ საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ეს მიდის ერთადერთი მიზნისკენ, რომ საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, დაძალებებიც კი. ხან გვთხოვდნენ, მოხალისეების გაშვებას და თვითმფრინავების მთავრობის ნებართვით გაშვებას. პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდანაც. ახლა ამ გზით, ანუ ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაითრიონ ამ ამბავში საქართველო. საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები. უდიდესი მადლობა მათ, სპეცსამსახურებმა შექმნეს იმის პრეცედენტი, რომ ასეთი ვითომ კარგად ორგანიზებული დანაშაულებიც კი იხსნება ამ სპეცსამსახურების მიერ". - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გასულ დღეს, 5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ბაჩა მგელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება, 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები აღმოაჩინეს. სუს-ის მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე, ხოლო "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ხალხის მსახური ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა".

სუს-ის განცხადებით, "საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში".

სუს-ის განცხადებას დღეს, 6 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის საელჩო და აღნიშნა, რომ ისინი საქმის გარემოებებს სწავლობენ. ამასთან, უკრაინის საელჩომ ქართულ მხარეს საქმის პოლიტიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

"უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით". - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 

მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საელჩოს განცხადებას ეხებოდა, აღნიშნა: 

"რას ნიშნავს, პოლიტიზება არ მოხდეს, საერთოდ კომენტარი არ გავაკეთოთ? ანუ არ გავახმაუროთ ამბავი? გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტებები. ქვეყანა იყო უდიდესი რისკის, საფრთხის ქვეშ, დაჰბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა. არავინ ახსენებს ასაფეთქებელი მოწყობილობების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში დარჩა და აქ რა იგეგმებოდა. ამაზე კიდევ ცალკე კითხვის ნიშნებია, რა იგეგმებოდა საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ეს დამატებით გამოძიებას საჭიროებს, გარკვეული მინიშნება, ალბათ, არის ამასთან დაკავშირებით. საქართველო, უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც კონფლიქტის მხარე, ტერაქტების მომწყობი და ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?"

კომენტარები