Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი უახლოვდება შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც ჩინეთისგან ზებგერით ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტებს შეიძენს. ეს ხდება მაშინ, როცა აშშ-ს ხომალდები ირანის მიმართულებით პოტენციური იერიშებისთვის მიემართებიან.
მედია ინფორმაციას ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ირანი ახლოსაა CM-302-ის ტიპის რაკეტების შეძენის შეთანხმების გაფორმებასთან, თუმცა უცნობია, თუ როდის იგეგმება მათი მიღება. რაკეტებს 290 კმ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე, რათა რადარებზე დაფიქსირებას თავი აარიდონ.
Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ შეთანხმება, რომელზე საუბარიც 2 წლის წინ დაიწყო, ირან-ისრაელის 2025 წლის ივნისში გამართული 12-დღიანი ომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
Reuters-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მათ ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იციან. შეკითხვაზე არ უპასუხიათ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში. უცნობია, თუ რამდენი რაკეტის შესყიდვას აპირებს ირანი.





