ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად გაუქმდა

www.tscnet.eu

დღეიდან, 6 მარტიდან, ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება.

"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში დიპლომატიური ან ოფიციალური მიზნით გამგზავრებისას დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უნდა გამოიყენონ. ამ წესის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, როცა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეავსებენ, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, საფუძვლიანი შემოწმება ჩაატარონ, ჰქონდეთ გასაუბრება და განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ. განმცხადებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს ვიზის გაცემაზე უარის თქმა შეეძლებათ". - წერს ევროკომისია.

გარდა ამისა, ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ევროკავშირის საზღვრის კვეთის დროს საქართველოს ყველა მოქალაქე გაძლიერებულად შეამოწმონ.

"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზაში - როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა (EES), რომელიც ევროკავშირში 2025 წლის წლის ოქტომბრიდან თანდათანობით ინერგება, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით მექანიზმს უზრუნველყოფს". - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, დროებითი შეჩერება მომდევნო 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

"თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოაგვარებს მმართველობასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 2 წლამდე ვადით გააგრძელოს. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელება. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს". - წერს ევროკომისია.

ევროკომისიის განცხადებით, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.

"2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რიგი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა გამოიწვია.

ასევე, საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომელზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული". - წერს ევროკომისია.

კომენტარები