ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივება რომ საქართველოს მიმართ იყოს გამოყენებული, ამის "არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი" არ არსებობს.
"როდესაც კვლევებს ვახსენებთ, ეს ხომ ყველასთვის ცნობილია, არამხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო დონეზე ცნობილია რეალურად დღეს სად დგას ჩვენი ქვეყანა, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ფასეულობები, სასამართლოს თავისუფლება იქნება, სიტყვის თავისუფლება იქნება, მედია თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა. ეს ხომ მშრალი ციფრებია. ეს ხომ სტატისტიკაა. ამას ხომ ვერავინ ვერსად გაექცევა. ახლა იმ პოლიტიკურ მდგენელს, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ბრიუსელმა შეიქმნა ყველა ბერკეტი, რომ საუკეთესო დიქტატორული თვისებებით შეიმკოს თავის თავი, იმოქმედოს და ყველანაირი ბერკეტი ჰქონდეს პოლიტიკური ზეწოლის იმ ქვეყნების მიმართ, რომელი ქვეყანაც ვერ იქცა მათ პროქსი სახელმწიფოდ და ვისთანაც ინტერესი ჰქონდა და ჩვენ ვართ ამ რიგებში. დღესაც არ განელებულა ის ინტერესი, რომ ჩვენ ვიყოთ ყურმოჭრილ, ვასალურ დამოკიდებულებაში, რასაც მკაფიო უარი უთხრა თავმოყვარე საზოგადოებამ და ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ხომ შანტაჟის იარაღია.
არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იქნას გამოყენებული ჩვენს მიმართ". - თქვა კირცხალიამ იმედი LIVE-ში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს.
ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, 17 ნოემბერს ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.
ახალი ზომები შეეხება 61 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ განახლებული წესების მიღება, ნაწილობრივ, საქართველოს გამო ხდება.
არსებული კანონმდებლობით, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ჯერ 9 თვით შეიძლება და მისი გახანგრძლივება დამატებით 18 თვითაა შესაძლებელი. ხოლო ახალი წესებით დროებითი შეჩერების პირველი ეტაპი 12-თვიანია და მისი გახანგრძლივება 24 თვით შეიძლება.
თუმცა, გაუმჯობესებული მექანიზმი ასევე მოიცავს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მიემართება და გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.
ივლისში ევროკომისიამ ივანიშვილის რეჟიმს აგვისტოს ბოლომდე მისცა ვადა იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშშია მოცემული.
"ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე." - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.





