მეამას განცხადებით, კომპანიას უარი არ უთქვამს "საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე" და რეკლამის განთავსება ორივე ტელეარხზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
"გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე. კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში". - ნათქვამია განცხადებაში.
მეამას განცხადების საპასუხოდ "შაბათის ფორმულას" წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ პოზიცია შეიცვალა და ტყუილია, თითქოს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ეხებოდა.
ცნობისთვის, კომპანია მეამას დირექტორი, ლაშა შარიქაძე 28 თებერვალს TV ფორმულასთან ამბობდა, რომ სანქცირებულ კომპანიასთან არ ითანამშრომლებენ.
"ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან" - უპასუხა შარიქაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რომელიც POSTV-სა და TV იმედთან სანქცირების შემდეგ თანამშრომლების გაგრძელებას შეეხებოდა.
მეამა POSTV-ისა და TV იმედის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი იყო.
2025 წლის III კვარტალში მეამამ TV იმედში 500 000 ლარზე მეტის რეკლამა განათავსა, ასევე 500 000 ლარზე მეტი გადაიხადა POSTV-ში რეკლამაში.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს. თქვენ იმის იმედი ნუ გაქვთ, რომ საქართველოში მედიისა და მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება შეილახება".
27 თებერვლის დილით TV იმედმა განცხადება გაავრცელა - მათი მტკიცებით, "არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა" არ ექნებათ. სანქცირებული ტელევიზია ირწმუნება, რომ "რამდენიმე ბანკი" მზადაა, მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა, TV იმედის ცნობით, "ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში", შექმნიან საკუთარ ბანკს - "იმედის ბანკი“.





