გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული იმედი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა "მორიგი ტყულია".
"რეალურად - დომეინი და სერვერი არსად გადასულა: ტელეკომპანია "იმედის" ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!
რაც შეეხება DDOS GUARD-ს, ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი და მმართველი კომპანია არის "IQWeb FZ-LLC", რომელიც რეგისტრირებულია და სათავო ოფისი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში, კერძოდ ტექნოლოგიურ ჰაბში - Dubai Internet City).
აღნიშნული კომპანია ოპერირებს გლობალურად. მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
მსგავსი მოდელით ოპერირებენ სფეროს გლობალური ლიდერები Cloudflare, Akamai და სხვები, რაც წარმოადგენს თანამედროვე ინტერნეტ-უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს. ის ემსახურება საერთაშორისო კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მძლავრი კიბერ-შეტევების მოგერიება. ტელეკომპანია "იმედის" ციფრული პლატფორმების უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება შეტევების მოგერიების მრავალდონიანი სისტემა.
ცენტრალურ ამერიკაში (ბელიზი) განთავსებული სერვერი ასრულებს უსაფრთხო კარიბჭის ფუნქციას, რომელიც ახდენს მომხმარებელთა ნაკადის გაფილტვრას და მათ უსაფრთხო რეჟიმში გადამისამართებას ძირითად რესურსებზე. უშუალოდ სასერვერო ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები განთავსებულია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და სწრაფ მიწოდებას." - წერია პროპაგანდისტული იმედის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, TV პირველმა გაავცელა სიუჟეტი სათაურით - "იმედი რუსულ დომეინზე", სადაც სპეციალისტები განმარტავდნენ, თუ რატომ დასჭირდა იმედს, იმ ვებინფრასტრუქტურის გამოყენება, რომელსაც მათი თქმით, ინტერნეტთაღლითები და ნარკორეალიზატორები იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო დაასანქცირა.





