სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

პაპუაშვილი: ვინც სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, მისი მკვლელი აღმოჩნდა

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი TV იმედისა და POSTV-ს დასანქცირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ის დიდი ბრიტანეთს ელჩს თავისუფალ მედიაზე თავდასხმის "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს.

"უპირველეს ყოვლისა, გავარკვიეთ, თურმე, დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა. ეტყობა იმიტომ, რომ TV იმედისა და POSTV-სთვის ეყურებინა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საქმეები შეეკერა. ფაქტია, თუკი შეიძლება რაიმეს ეყრდნობოდეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხებია და ვფიქრობ, დასტურდება, რომ სწორედ ელჩია, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. 

გუშინ სოციალურ მედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა, მართლაც ირონია, რამდენიმე თვის წინ ეს ადამიანი დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, რომ თურმე, ალბათ, ეს ვიდეო ჩაწერა, შემდეგ თავის კაბინეტში გავიდა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმის შეკერვა დაიწყო. 

გუშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით დაიბარეს, რომ წარედგინა, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს ადასტურებს, რომ ეს არის თავისუფალ მედიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საბოლოო მიზანი მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლაა - მათივე პროპაგანდისტებისთვის ველის გასუფთავება [...] ჩემი აზრით, მიზანი ეს არის, რომ ჩაახშონ მართალი და თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა [...] დასკვნა ერთია - ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, სიტყვის თავისუფლების მკვლელი აღმოჩნდა". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

26 თებერვალს, სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ივანიშვილის მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაავრცელეს.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

კომენტარები