სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. უწყება შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება. აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიები თანაბრად, თავისუფალ სივრცეში არსებობენ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას". - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.





