ირანის რეჟიმი

ირანში სტუდენტებმა ისლამური რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გამართეს

Getty via New Arab

ირანის დედაქალაქ თეირანში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი სემესტრის დასაწყისის პარალელურად ისლამური რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მოაწყვეს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თეირანში ტექნოლოგიის ამირა კაბირის სახელობის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის უნივერსიტეტისა და შარიფის სახელობის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი უნივერსიტეტებთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

სტუდენტები აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის საწინააღმდეგო და პრინც რეზი ფეჰლევის მხარდამჭერ შეძახილებს ყვიროდნენ. შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს ბანერები ეკავათ, რომელზეც თავიანთი დაკავებული თანატოლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) აფილირებულმა Fars-ის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტუდენტები, მათ შორის, ყვიროდნენ, "სიკვდილი დიქტატორს".

კადრების ნაწილში შარიფის უნივერსიტეტში რეჟიმის მხარდამჭერებსა და ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფს შორის შეტაკებები არის ასახული. 

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.

WSJ-ს შეფასებით, აშშ-ს მიერ რეგიონში გაგზავნილი საჰაერო ძალები 2003 წლის ერაყის ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბურია. 

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს. 

WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს. 

ტრამპმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს, მოგვიანებით კი რეპორტიორებს უთხრა, რომ მაქსიმალური ვადა ორი კვირაა. "ამა თუ იმ გზით შეთანხმებას მივაღწევთ," აღნიშნა მან.

დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო. 

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 7 008-ს აღწევს, მათგან 219 ბავშვია, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 53 300-ს აღემატება.

კომენტარები