ირანის რეჟიმი

IRGC-ისადმი მორჩილების გამო ფეზეშქიანსა და ღალიბაფს არაღჩის გადაყენება სურთ – Iranintl

აბას არაღჩი  

ლონდონში დაფუძნებული ოპოზიციური ირანული მედია, Iran International, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი, და პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობენ, რადგან მას ქვეყნის პრეზიდენტის შეუტყობინებლად აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის მითითებების შესრულებაში ადანაშაულებენ. 

წყაროების თქმით, ფეზეშქიანი და ღალიბაფი ფიქრობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაღჩიმ უგულებელყო კაბინეტის მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და მთავრობის პოლიტიკის შესრულების ნაცვლად IRGC-ის მეთაურის, აჰმად ვაჰიდის, მითითებებს ასრულებს.

ირანის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის მიმდინარე დისკუსიებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით Iran International წერს, რომ არაღჩი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფეზეშქიანის ინფორმირების გარეშე მოქმედებდა და სრულ კოორდინაციაში იყო ვაჰიდისთან.

ამის გამო, წყაროების ცნობით, ფეზეშქიანმა ღრმა უკმაყოფილება გამოხატა და მასთან დაახლოებულ პირებს უთხრა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში არაღჩის თანამდებობიდან დაითხოვს.

ირანის რეჟიმის მმართველ წრეებში უთანხმოებების შესახებ ცნობები აქამდეც ვრცელდებოდა. 28 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეზეშქიანსა და ვაჰიდის შორის სერიოზული განხეთქილება არსებობდა. მაშინ ინფორმირებულმა წყაროებმა Iran International-ს განუცხადეს, რომ დაპირისპირების მიზეზი "ომის მიმართულება და ხალხის ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკაზე მისი დამანგრეველი შედეგები" იყო. 

რამდენიმე დღის შემდეგ Iran International-მა მოიპოვა ინფორმაცია, რომ ფეზეშქიანი შეწუხებული იყო "სრულ პოლიტიკურ ჩიხში" ყოფნის გამო და ასევე იმიტომ, რომ მას ომის დროს მოკლული სამთავრობო მაღალჩინოსნების თანამდებობებზე ახალი კანდიდატების დანიშვნის უფლებაც ჰქონდა ჩამორთმეული. 

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ვაჰიდიმ ცალსახად განაცხადა, რომ კრიტიკული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი დროით ყველა ძირითად და სენსიტიურ თანამდებობაზე ხალხის დანიშვნა გუშაგთა კორპუსის გავლით უნდა მოხდეს. 

აპრილის ბოლოს გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი 28 თებერვალს მოკლული მამის, აიათოლა ალი ხამენეის მსგავსად ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს, რის გამოც ქვეყანაში ძალაუფლება ნაწილობრივ ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის (IRGC) გენერლებზე ნაწილდება.

ხოლო გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რომ ირანის რეჟიმის მმართველ წრეებში უთანხმოებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს აშშ-სთან მოლაპარაკებები. 

კომენტარები