New York Times-ის ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს (Bella 1) ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს ბრალი წარედგინა.
NYT-ს ინფორმაციით, 12 თებერვალს კაპიტან ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორ ფედერალურ დანაშაულზე წარუდგინეს. პირველი ბრალდება კალანდაძის მიერ ტანკერზე გაიანის დროშის აღმართვას ეხება. მეორე ბრალდება მას აშშ-ს სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, აშშ ტანკერ Marinera-ს, იგივე Bella 1-ს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. ხომალდის ბრიტანეთის სანაპიროსთან დაკავებამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.
ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელი იყო, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ძალებს თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.
Bella 1 გაიანას ცრუ დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას აშშ-ს ძალები აედევნენ და ხომალდმა კურსი იცვალა, გემი რუსეთში გადარეგისტრირდა და სახელი შეიცვალა. ხომალდს ფორმალურად ახლა Marinera ჰქვია. დევნის დროს ეკიპაჟის წევრებმა გემზე რუსული დროშა დახატეს.





